შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ცნობით, საგამოცდო პროცესის პარალელურად, ქართული ენისა
და ლიტერატურის ნაშრომების გასწორება დაიწყო.
" გამოცდების შედეგები აგვისტოს
პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ
გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია", -
განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ნაშრომების გასწორება ელექტრონულად
მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს
ყველა რეგიონიდან.
"გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს
სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის.
თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ
დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს
გაეგზავნება''-, განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ
ცენტრში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს.
მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე
შეიტყობენ.
დღეს, 7 ივლისს აბიტურიენტები
გამოცდას უცხო ენაში აბარებენ.
ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო (N1,
N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამ დროისთვის გამოცდები
შეუფერხებლად მიმდინარეობს.
წელს ქვეყნის მასშტაბით 25
საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს,
მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.
აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის ტარება.
კონდიციონერები ჩაირთვება 30°
გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
აბიტურიენტებისთვის მოეწყობა
სპეციალური სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ
ტემპერატურა.
2021 წელს საგამოცდო პროცესს არ
გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების
მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. მათ შეეძლებათ გამოცდა ორი
კვირის შემდეგ ჩააბარონ.
მასალის გამოყენების პირობები