ახალი ამბები
„პრაიდი“ დარტყმას აყენებს იმ ერთობას, რომელსაც ვუფრთხილდებით" - ხეობის მცველები
FaceBook
რიონის ხეობის მცველები "თბილისი პრაიდის" კვირეულს ეხმიანებიან და მას ეროვნული ერთიანობის იდეის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

მოძრაობის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "პრაიდის" ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან ერთად, არაფრად აგდებს უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ხეობის მცველების შეფასებით, ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დამცველები არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევიან, რაც, მათი თქმით, მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს გამოხატავს.

განცხადების ავტორები, ერთი მხრივ საუბრობენ ლგბტქ+ ადამიანების უფლებებზე, პარალელურად კი ემიჯნებიან მათი უფლებების დამცველებს.

განცხადებას გთავაზობთ სრულად:

"საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250 დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ "პრაიდი" დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, "პრაიდის" ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი "პრაიდი" და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, "თბილისი პრაიდის" კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ცალსახად ემიჯნება "თბილისი პრაიდის" კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობის სახელით გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს და ჰომოფობიურად აფასებს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  წევრები ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას 248 დღეა აპროტესტებენ. 

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.