პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ, რომელიც
სამ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია, შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა,
მედიკამენტების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს.
მისივე მოთხოვნით, იგი ციხის საავადმყოფოდან #8
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაკავებულის ადვოკატის ვალერი
გელბახიანის თქმით, პატიმარმა წონაში მნიშვნელოვნად
დაიკლო.
"19 კილო აქვს დაკლებული. შიმშილობა
შეწყვიტა, მაგრამ უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. თვითონვე
მოითხოვა #8 დაწესებულებაში დაბრუნება", - ამბობს ვალერი
გელბახიანი.
პირველ ივლისს დაკავებულის მორიგი
სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარე მის გათავისუფლებას
ელოდება.
გოგი წულაია წაყენებულ ბრალს ამ
დრომდე არ აღიარებს და თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად
მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
გოგი წულაია მიმდინარე წლის
17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები