1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და
50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის
წარდგენისას განაცხადა.
„უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა
და სოციალური რისკების შესამცირებლად.
1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და
თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა - 100000
ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ
დახმარებას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი, ინდექსაციის წესით
პენსიონერები 1-ელი იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს
სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი,
უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან
დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან
მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის
საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ
გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც
1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი
დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით,
სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი
დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით. საცხოვრებელი
ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი.
2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი
ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების
დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება”, -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები