ქუთაისის მერია აღიარებს, რომ
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" ცვლილებები იწყება.
ეს ეხება როგორც ინვესტორს, ასევე, მთავარ მწვრთნელს, რომლის
პოზიციაზეც, "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, უკვე დაინიშნა კახა
ჩხეტიანი. ქუთაისური კლუბის იტალიელ ინვესტორთა ჯგუფის მიერ
დატოვებასა და პოტენციურ მეპატრონესთან მოლაპარაკებაზე,
"ქუთაისიპოსტი" ერთი თვის წინ წერდა, თუმცა, ადგილობრივ
თვითმმართველობაში მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს. ახლა კი მერია
ადასტურებს, რომ "ტორპედოში" ცვლილებები იწყება, თუმცა, ვინ იქნება
ახალი ინვესტორი, არ ამბობს.
"იგეგმება ცვლილებები" , - მხოლოდ
ამას აცხადებენ მერიაში.
ინფორმაციას არ ასაჯაროებენ
საფეხბურთო კლუბში და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის
მერიასა და ეკონომიკის სამინისტროზეა დამოკიდებული. ოფიციალური
განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. შეკითხვებს არ პასუხობს
არც სამინისტრო.
იტალიელებმა "ტორპედოს"
დაფინანსებაზე უარი ისე თქვეს, რომ ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ
გადაუხადეს. კლუბი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე ფინანსურ
კრიზისშია.
დღეს "ტორპედო" მატჩს ბათუმის
"დინამოსთან" გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში კახა ჩხეტიანმა ჩაატარა.
სავარაუდოდ, ის უხელმძღვანელებს გუნდს დღევანდელ
შეხვედრაშიც.
კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან
მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა,
შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები