საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის
მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და
მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის
მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის
დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინსტრუქციას
აქვეყნებს, თუ როგორ უნდა ამოიბეჭდოს საგამოცდო ბარათი:
"გამოსაცდელი ვებგვერდზე
https://naec.ge გამოყოფილ სპეციალურ
ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ
ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა
რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი
მიჰყვება ბმულს - "დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი". ბარათი
შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო
პროცესის განმავლობაში.
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის
წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს
მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის
ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის
ფურცელზე .
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს,
ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს,
რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო
ცენტრი.
აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის
ტარება.
კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის
პირობებში.
აბიტურიენტებისთვის მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის,
რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.
2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები,
რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. მათ
შეეძლებათ გამოცდა ორი კვირის შემდეგ ჩააბარონ.
მასალის გამოყენების პირობები