რიონის ხეობაში დაკავებული დავით ხუციშვილი ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ქეთევან თხელიძის
გადაწყვეტილებით, დაკავებული ორ თვეს გაატარებს საპატიმროში, ვიდრე
სასამართლო არ გადახედავს მისთვის შეფარდებულ აღმკვეთ
ღონისძიებას.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს
შენობასთან რიონის ხეობის მცველები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მათი
მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება
მათ მიმართ რეპრესიულ მეთოდებს იყენებს.
"დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო ის ბრალდება, რომელიც
დააყენა პროკურორმა და სამწუხაროა, რომ მოსამართლემ გაიზიარა ეს
ბრალდება და დატოვა წინასწარ პატიმრობაში დავითი. სახეზეა ის, რომ
პროცესი არის პოლიტიზირებული და ის ვერტიკალი, საიდანაც იმართება
სასამართლო, არის პოლიტიკური ნების გამტარი", - ამბობს
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი, ვარლამ
გოლეთიანი.
დავით ხუციშვილი პოლიციამ 10 მაისს,
სამართალდამცველზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის
ბრალდებით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით,
დაკავებული 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში,
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს
დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის
დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ირაკლი
მუკბანიანი დააკავა. სასამართლომ მუკბანიანსაც პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები