რიონის ხეობის მცველები 12 ივნისს
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების მედიაციით
დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება
თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის
წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის
აქციას" ატარებენ.
"შაბათი იქნება
განმსაზღვრელი იმისა, ჩავატარებთ თუ არა ფართომასშტაბიან აქციას. თუ
ამ შეხვედრას ავტომატურად მოჰყვება სამუშაოების
შეჩერება, ბარიკადების აღება და პოლიციის გასვლა, ამის შემდეგ
გაიწერება კალენდარი და შევძლებთ, რომ ვიმსჯელოთ ყველა
მნიშვნელოვან საკითხზე. თუ ეს არ მოხდება, მაშინ უნდა
გავაძლიეროთ ის ლოკაციები, სადაც ვართ ხეობაში გამაგრებული და
მოგვიწევს დავაანონსოთ ფართომასშტაბიანი აქციები. სიმართლე
გითხრათ, არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს იმ
პირობებს, რომელიც ჩვენ და მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა
დააყენეს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, ხეობაში უკვე რვა
ლოკაციაზეა გზა ჩაკეტილი და ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე კომპანია
"ენკას" ავტომანქანებს არ ატარებენ.
ხელისუფლებამ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების
წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლა, ჰესის მოწინააღმდეგეებთან 15
აპრილს გამართული შეხვედრის პასუხად დააანონსა. იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაციაში, მთავრობის წარმომადგენლებთან
გამართულ შეხვედრაზე, ხეობის მცველებმა დიალოგის
წინაპირობად სამუშაოების შეჩერება და ხეობიდან პოლიციის
გაყვანა დაასახელეს, თუმცა, მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა,
რის გამოც მხარეებს შორის დიალოგი ჩაიშალა.
რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 7 ივნისს აქტივისტებმა 224-ე ღამე
გაათენეს კარვებში.
ხეობის მცველები ითხოვენ:
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული
ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები