პოლიცია ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით
ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ბრალად
განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ხოლო 1979 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი მ.ც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ
შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.
დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში,
ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით
დაედევნა ნაცნობს - 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში
არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. - თბილისში, ხოლო
მ.ც. ოზურგეთში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის
19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები