რიონის ხეობის მცველებმა მათ ერთ-ერთ დაკავებულ
აქტივისტს, ირაკლი მუკბანიანს მხარდაჭერა იმერეთის სამხარეო
პოლიციასთან გამოუცხადეს.
რიონის ხეობის მცველები მომხდარს
პოლიციის მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება
ამ გზით მათ მარგინალიზებას ცდილობს. აქტივისტები არ უარყოფენ იმას,
რომ დაკავებულმა, გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთ
სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, აცხადებენ,
რომ ეს პოლიციის მიერ წინასწარ დადგმული სცენა იყო.
"ნამდვილად მოხვდა მოქნეული
ხელი პოლიციელს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდა
შემდგეგ მოვლენები. სამი დღე ეძებდნენ ადამიანს, მიიღეს განჩინება მის
დაკავებაზე და ჩვენთვის არავის მოუმართავს და არ უთქვამთ, რომ უნდა
გამოცხადებულიყო შესაბამის ორგანოში. მათ რომ ნებისმიერი
ჩვენგანისთვის ეთქვათ, რომ ირაკლის იბარებდნენ პოლიციაში, არ
დასჭირდებოდათ სპეცრაზმის გაგზავნა სამი მიკროავტობუსით. სპეციალურად
მოახდინეს პროვოცირება, მიუცვივდნენ სასაფლაოზე ადამიანს, სადაც თავის
საქმეს აკეთებდა. მოხდა ჰაერში გასროლაც და გაუგებრობაში აღმოჩნდნენ
იქ ადამიანები. ხელისუფლება ცდილობს მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს
პროცესი და გააშავოს ჩვენი მოძრაობა",- განაცხადა მოძრაობა
"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.
დაკავებულის ადვოკატის ციცი
ბაბუნაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ
აღიარებს.
დაკავებული ირაკლი მუკბანიანის
სასამართლო პროცესი 3 ივნისსაა ჩანიშნული. აქტივისტები ხვალ
სასამართლოს შენობასთან პროცესის პარალელურად შეიკრიბებიან და
დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ პირველ
ივნისს, სოფელ საყულიაში იმ დროს დააკავა, როცა აქტივისტი სასაფლაოზე
იმყოფებოდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე
მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას
გულისხმობს.
ირაკლი მუკბანიანს ოთხიდან შვიდ
წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები