რიონის ხეობაში, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო
ორი აქტივისტი დააკავეს.
ადგილზე ვითარება ცოტა ხნის დაძაბული იყო.
აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ხელით აბრახუნებდნენ და მის
გარღვევას ცდილობდნენ.
თუმცა, ამის შესაძლებლობა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა
არ მისცეს. სწორედ, ამის შემდეგ დააკავეს ორი პირი.
დაპირისპირებამდე ცოტა ხნის ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გაავრცელა განცხადება, სადაც რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს
სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ
შემთხვევაში ისინი კანონით მინიჭებული უფლებით
იმოქმდებდნენ.
რიონის ხეობაში ხმაური გუშინ ღამითაც
იყო. აქტივისტები, რომლებიც დედაქალაქიდან დაბრუნდნენ
ხეობაში აღმართულ რკინის ჯებირზე მთელი ღამის განმავლობაში ხელებით
აბრახუნებდნენ. ამ ფორმით გამოხატავდნენ ისინი თავიანთ
პროტესტს.
დღესვე შსს_მ რკინის ჯებირზე განზრახ დაზიანების
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე
აღძრა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას
თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. ხეობის
მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე გუშინ, 26 მაისს დაბრუნდნენ,
რომლებსაც გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი
დახვდათ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან
დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.
24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ
შედგა.
ხეობის მცველები ითხოვენ:
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის
შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას"
კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად
აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა
იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ
კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები
დათმო.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია
"ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის
ინტერესების საზიანო უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები