თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მეორე დღეა ნამახვანჰესის
მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ,
დაპირისპირება მოხდა.
მიზეზი ლგბტ სამკლაურის გახდა, რომელიც აქციაზე სოლიდარობის
გამოსახატად მისულ "სირცხვილიას" აქტივისტს სალომე ბარკერს ეკეთა.
მას აქციის დატოვება ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა
მხარდამჭერებმა მოსთხოვეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.
"ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან
გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს
მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი.
იმიტომ, რომ ორი წელია, მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც
მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი
ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ
ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ.
ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ [მედიას] რომ გელაპარაკებით,
ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან,
აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო.ძალიან მრცხვენია. მე
აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ
მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად.
აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე", – ამბობს
სალომე ბარკერი.
საბოლოოდ, სალომე ბარკერმა საპროტესტო აქცია დატოვა.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა აქცია
სხვადასხვა სიმბოლიკებით მისვლა აკრძალა.
"ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი
პროტესტი ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა
აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავისი
მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ იმ
დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით. აქვე გვინდა,
მკაფიოდ ვთქვათ, რომ რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების
გამოწვვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ
მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის
სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს
გაითვალისწინოთ", - განმარტა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან
დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის
მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის
ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ
მიიღეს
მასალის გამოყენების პირობები