პრემიერ-მინისტრი რიონის ხეობის
მცველების ულტიმატუმს 90-იანი წლების გადმონაშთს
უწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაშინდელმა გაუაზრებელმა
პოლიტიკამ, სამოქალაქო ომი და ქვეყნის ოკუპაცია გამოიწვია. ირაკლი
ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ თუ აქტივისტები კანონს დაარღვევენ,
სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.
"ულტიმატუმით საუბარი არის
ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი,
როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო
"სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის,
რკინიგზის და ასე შემდეგ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ.
მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები,
ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილის ოკუპაცია სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის
შედეგია. შესაბამისად, ვინც გადავა კანონს მიღმა, რა თქმა უნდა,
სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ
ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხეობის მცველებს პროექტთან
დაკავშირებით შეკითხვები აღარ ჰქონდეთ. მანვე დღეს თქვა, რომ
მიმდინარე თვის ბოლო ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს შეხვდება,
რომელიც თბილისში ჩამოვა.
"არაერთი მცდელობა იყო
ჩვენი მხრიდან. მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი,
რომელიც შეისწავლის ამ პროექტის ყველა დეტალს. მე დავავალე იუსტიციის
სამინისტროს, რომ მოხდეს პროექტის შესაბამისობის შესწავლა
საერთაშორისო პრაქტიკასთან. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი
კომპანიის დამფუძნებელს, მე თავად ვარ ჩართული და მსურს
გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ პროექტში.
შესაბამისად, კითხვები აღარ უნდა არსებობდეს", - განაცხადა
პრემიერმა.
თუ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივისტები
მათ მოთხოვნებზე დადებით პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი მსვლელობით
გადაკეტავენ ქალაქის ქუჩებს და მოახდენენ ადმინისტრაციული შენობების
პიკეტირებას. ხეობის მცველები ხელისუფლების პასუხს დედაქალაქში,
რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. აქვე გაშლილ კარვებში გაათენეს მათ
პროტესტის 210-ე ღამე.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის
ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს
გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის
და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.
ხეობის მცველები ითხოვენ:
შეწყდეს
"ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული
ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის
განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა
რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა
და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია
თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
მასალის გამოყენების პირობები