210-ე ღამე რიონის ხეობის მცველებმა
თბილისში გაათენეს. რესპუბლიკის მოედანზე ათობით კარავია
გაშლილი.
ხეობის მცველები ორ საათზე ნაკლებ დროში ხელისუფლებისგან პასუხს
ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის ქუჩებისა და
ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას აანონსებენ.
209 დღის შემდეგ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ
პროტესტმა, რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის
მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის
ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ
მიიღეს.
ხეობის მცველები ითხოვენ:
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ
გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს
ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის
ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე
210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას.
მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას,
ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით
სახელმწიფო ინტერესები დათმო.
აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში
ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ
ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული
ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები