აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ
დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი
შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან,
- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული,
რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ
საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.
საელჩოში აცხადებენ, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში,
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია,
რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის
შეფერხება.
„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში
გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია,
მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი
მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია
განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს
თბილისში აქციას გამართავენ.
„ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა
აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე
რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ
და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405
განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს
"ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის
მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ,
გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული
სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
მასალის გამოყენების პირობები