ქუთაისში, ყოფილი
ელექტრომექანიკური ქარხნის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ ექვს დევნილ
ოჯახს, 23 მაისიდან დროებით საცხოვრებლებს ატოვებინებენ.
ქუთაისის მერია, რომელსაც უზურფრუქტით გადაცემული აღნიშნული
შენობა დევნილთა სამინისტრომ დაუბრუნა, მასში სოციალური
საცხოვრისის მოწყობას გეგმავს. ამისთვის კი დევნილებმა ფართი უნდა
დაცალონ, თუმცა, არც ერთ მათგანს ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს.
ისინი 28 წელია ბინის მიღებას უშედეგოდ ელოდებიან. ახლა კი მერია
ეუბნება, რომ შენობა, სადაც დროებით შეაფარეს თავი, უნდა დატოვონ.
დევნილებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან შესაბამისი წერილი უკვე
მიუვიდათ, სადაც წერია, რომ შენობის რეაბილიტაციას ექვსი თვე
დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში მათ ალტერნატიულ ფართში ქირას მერია
გადაუხდის, თუმცა, დევნილებმა არ იციან რა იქნება ექვსი თვის
შემდეგ.
მათ დღეს შენობასთან აქცია
გამართეს.
"28 წელია ამ შენობაში ვართ. ახლა რეაბილიტაცია
უნდა ჩატარდესო და ჩვენი გაყვანა სურთ
აქედან, მაგრამ რა პირობით არ ვიცით. სამ ოჯახს მიუვიდა წერილი,
სადაც წერია, რომ ექვსი თვე, ვიდრე რეაბილიტაცია დასრულდება, მერია
გადაიხდის ბინის ქირას, მაგრამ არ ვიცით რა იქნება შემდეგ",
- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ეთუნა გახარია.
"ოთხი წელია აქ ვცხოვრობ
მცირეწლოვნებით. დევნილთა სამინისტრომ შემომიყვანა იმ მიზნით,
რომ აქ მცხოვრები დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხი იყო
განხილვაში და მეც მათ შორის მოვხვდებოდი. ახლა გაურკვეველ სიტუაციაში
ვარ. ეს შენობაც სანატრელი გამიხდა. ვრჩები ღია ცის ქვეშ.
დევნილთა სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა და მოგვაქციოს
ყურადღებას", - ამბობს მადონა ყუბანეიშვილი.
დევნილების აქციას შეურთდა ქუთაისის
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა
შუშანია. მისი თქმით, ქუთაისის მერია გაჭირვებული
ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს და ახლაც უნდა შენობის
რეაბილიტაციის თანხა ისევე მიითვისოს და გაფლანგოს, როგორ
ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის მოწყობის დროს
მოხდა.
"ასეთ უპრეცენდენტო
თაღლითობასთან და ცინიზმთან ჯერ საქმე არ გვქონია. ქუთაისის
მერიამ გადაწყვიტა, რომ ერთი მილიონი ლარი გამოყოს უსახლკარო
ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის გასაკეთებლად და აქ
მყოფი ოჯახები გაყაროს ქუჩაში. ეუბნებიან, რომ მხოლოდ სამასი ლარით
დააკმაყოფილებენ, ისიც ექვსი თვით და ექვსი თვის შემდეგ ისევ ქუჩაში
უნდა დარჩნენ. მოვუწოდებ ქუთაისის მერს, არ გაბედოს ამ
ადამიანების პოლიციის ძალით გამოსახლება. ერთი სული აქვთ როდის
გაყრიან ამ ადამიანებს ქუჩაში, რომ ისევე შეჭამონ ის ერთი
მილიონი, როგორც შეჭამეს 4 500 000 ლარი პირველ სოციალურ
საცხოვრისზე", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, თუ მერია რეალურად არის
დაინტერესებული ამ ადამიანების პრობლემებით, შეუძლია სხვა
უსახლკაროებთან ერთად, რომლებსაც რეაბილიტირებულ შენობაში შეასახლებს,
ბინა დევნილ ოჯახებსაც დაუკანონოს და ეს ასახოს
დოკუმენტურად.
ქუთაისის მერია პასუხისმგებლობას,
დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილების შესახებ,
სააგენტოს აკისრებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახებს ფართით
იქამდე უზურნველყოფს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო მათ
საცხოვრებლით არ დააკმაყოფილებს.
"ამჟამად დარჩენილია
დევნილთა ექვსი ოჯახი, რომლებსაც ვთავაზობთ აღნიშნული
საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციამდე ბინების საიჯარო ქირით
დაკმაყოფილებას, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოები
აღნიშნულ საცხოვრისში. ამის შემდეგ, თუ ამ
პერიოდში მათი ბინებით დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყო სააგენტომ,
ვაძლევთ პირობას, რომ კვლავ დაბრუნდებიან აღნიშნულ
რეაბილიტირებულ ბინებში და გააგრძელებენ ცხოვრებას", -
ამბობს საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.
თუმცა, როგორც ირკვევა, გუგუნავას
ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებას არ აპირებს
დევნილთა სამინისტრო. იმერეთის სამმართველოს უფროსი, დავით ჭეიშვილი
ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული შენობა
დახურულია და არც ერთი მათგანი ბინის მიმღებად არ
განიხილება.
"2018 წლიდან, გუგუნავას 12
ნომერი სააგენტოსთვის არის დახურული ობიექტი და ამ ტერიტორიაზე
მცხოვრები არც ერთი ადამიანი არ განიხილება ბინის
მიმღებად. ყველა მათგანს უფიქსირდებოდა ალტერნატიული
საცხოვრებელი და მონიტორინგის დროს არ იმყოფებოდნენ ადგილზე. თუ რამე
პრობლემა იყო, მაშინ უნდა წარმოედგინათ თავიანთი არგუმენტაცია და
არა ორი წლის შემდეგ, როცა ხანდაზმულია უკვე
გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ჭეიშვილმა.
მისი თქმით, დევნილებს ერთადერთი
შანსი აქვთ, ისარგებლონ სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამით,
რომლის ფარგლებშიც, მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ შეარჩიონ
საცხოვრებელი სახლი, სამინისტრო კი შეძენაში დაეხმარება.
რაც შეეხება
თანადაფინანსების თანხას, დავით ჭეიშვილის თქმით, ორსულიან
ოჯახზე სამინისტრო 22 000 ლარს გასცემს, ყოველ შემდეგ წევრზე კი 3000
ლარით მეტს.
თანადაფინანსებით სახლის შეძენას
იმერეთში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 3000 ოჯახი
ითხოვს.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები 28 წელია
ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ. კორპუსს არ აქვს ფანჯრები,
დაზიანებულია იატაკი და კედლები, წყალი ჩამოდის სახურავიდან. არ აქვთ
ინდივიდუალური სააბაზანო და სასმელ წყალს საერთო საპირფარეშოს
ონკანიდან იღებენ. ბოლო პერიოდში პრობლემებს სარდაფში დამდგარი წყალიც
დაემატა. ოთხსართულიან შენობაში დაზიანებული მილებიდან წყალი ჟონავს
და სარდაფში გროვდება, რის გამო შენობაში ნესტია. გაჩნდა მღრღნელები
და ქვეწარმავლები. კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ბათქაში.
დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. დევნილები ამბობენ, რომ ცხოვრება
ყოველდღიურად უფრო გაუსაძლისი ხდება.
მასალის გამოყენების პირობები