გელათის სამონასტრო კომპლექსში, გუშინ
განვითარებული მოვლენების შემდეგ, პოლიცია გამოჩნდა.
კომპლექსის შესასვლელთან სამართალდამცველების
ავტომანქანა დგას, ტაძარში კი გამომძიებელი ექსპერტთან ერთად მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასულიერო პირებს
ესაუბრებიან.
მათი გამოჩენა, შესაძლოა, 19 მაისს
განვითარებულ მოვლენებს და ხარაჩოზე ასვლის აკრძალვას
უკავშირდებოდეს.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მედიის
შეკითხვებს, თუ რას უკავშირდება მათი ვიზიტი მონასტერში, არ
პასუხობენ.
"გამოძახებაზე არ ვართ. ვიკვლეთ საქმეს. დანარჩენზე
მიმართეთ პრესცენტრს", - ამბობს ადგილზე მყოფი
გამომძიებელი.
19 მაისს, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა
სოციალურ ქსელში გელათის ღვთისმშობლის ტაძარში გადაღებული ვიდეო
გაავრცელეს, რომელშიც ტაძრის იატაკზე თეთრი ფრაგმენტები ჩანს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს უნიკალური
მხატვრობის ნაწილებია, რომელიც უყურადღებობის გამო
ზიანდება.
მომხდარის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მასა, რომელიც
ვიდეოში ჩანს, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხარაჩოზე ასვლის
შედეგად ჩამოიშალა. სააგენტომ ამავე
განცხადებით, გარეშე პირებისთვის ხარაჩოებზე ასვლა
აკრძალა.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს
დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი
დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე
ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური
ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა
აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა
მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების
საერთაშორისო ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ
სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ
ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით
გადახურეს.
მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის
იმედადაა დარჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს
დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ
და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად
შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების
შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში
გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი
ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მასალის გამოყენების პირობები