ქუთაისში, კერძო ობიექტზე ფასადის
გადაღებვის გამო, მოქალაქე კოტე ცირეკიძე
დააჯარიმეს.
ცირეკიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და ამბობს, რომ
მერიამ მხოლოდ იმიტომ დაკისრა ფულადი სანქცია, რომ ქალაქის გალამაზება
სურდა.
"ნახევარი ჩვენი სახლი იყო,
მეორე ნახევარი სხვისი. იმ მეზობელს პრობლემა არ ჰქონია.
მოეწონა ფერი. მერიიდან რომ მოვიდნენ, მითხრეს სამმართველოდან
დაგვირეკეს და სასამართლოს უნდა გადავცეთო. ამოწერეს მონაცემები
და წავიდნენ. იმ სახლის ნახევარი თვითონ შეღება მერიამ
ნახევრად, მერე ფული არ ეყოთ, როგორც თვითონ
თქვეს. ვიფიქრე, შევღებავ კედელს და გავალამაზებთქო, ამათმა
კი სასამართლოში მიჩივლეს", - ამბობს კოტე
ცირეკიძე.
მერიაში ამბობენ, რომ დაჯარიმებულ
მოქალაქეს მხოლოდ კედელი არ გადაუღებია, არამედ, ფასადზე სარეკლამო
ბანერიც განათავსა, რისი ნებართვაც არ ჰქონდა. თავად მერიამ კი ამის
შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ცირეკიძეების ოჯახს მათი ობიექტის
გვერდით მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის მეპატრონემ
უჩივლა.
"შემოვიდა მოქალაქის
განცხადება, მივედით ადგილზე და დაგვხვდა გადაღებილი კედელი, რომელიც
გადადიოდა მომჩივანის საკუთრებაზეც. მათ ვერ წარმოგვიდგინეს
შესაბამისი ნებართვა ვერც ფასადის შეღებვაზე და ვერც ბანერის
განთავსებაზე, რის გამოც გამოიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი, რომლის მიხედვითაც ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან", -
ამბობს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენელი, ზვიად წაქაძე.
მხარეები ახლა სასამართლო პროცესს
ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები