ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან
მანგანეზი" ადგილობრივებზე, რომლებსაც მადნის მოპოვებითი სამუშაოების
შედეგად სახლები დაუზიანდათ, კომპენსაციების გაცემის მიზნით,
ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს, თუმცა, შუქრუთში პროტესტი ამით არ
სრულდება.
ადგილობრივების ნაწილი უარს ამბობს კომპანიის მიერ შეთავაზებულ
კომპენსაციებზე, რადგან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია გასაცემი
თანხის რაოდენობას კერძო აუდიტორის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით
ითვლის.
შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოწვეული აუდიტორის დასკვნას
უნდობლობას უცხადებენ და პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. სხვა
შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ
მომდევნო დღეებში პირს ქალებიც ამოიკერავენ.
"არ ვენდობით კერძო აუდიტორს, რადგან სინამდვილეში სოფელში
არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, შეუძლებელია ეს დასკვნა
რეალობის ადეკვატური იყოს. მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახელმწიფო და
კვლევა ჩაატაროს სამხარაულის ექსპერტიზამ. მხოლოდ ამ შემთხვევაში
გვექნება ნდობა", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ჯანო
ლაბაძე.
პროტესტის ფონზე "ჯორჯიან მანგანეზმა" 2 300 000 ლარის კომპენსაციების
გაცემა დააანონსა და 19 მაისიდან შესაბამისი ხელშეკრულებების
გაფორმებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიყენებული
ზიანის ანაზღაურებას 36 ოჯახი მიიღებს, თუმცა, თანხა არა სამხარაულის,
არამედ კერძო აუდიტორის დასკვნის მიხედვით გაიცემა.
კომპანიაში არ უარყოფენ, რომ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც შუქრუთში
მცხოვრებთა სახლების დაზიანების ხარისხი უნდა შეესწავლა, თავად
მოიწვია და მომსახურების თანხაც გადაიხადა, თუმცა, ამბობენ, რომ
პროცესს ადგილობრივებიც ესწრებოდნენ.
"ჯორჯიან მანგანეზის" კონტრაქტორი კომპანია შპს "შუქრუთი პლიუსის"
წარმომადგენელი დავით სალაძე გვეუბნება, რომ ისინი სამხარაულის მიერ
კვლევის ჩატარების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, თუ დასკვნა
არარეალისტური იქნება, არ დაეთანხმებიან.
"დიახ, შპს "შუქრუთი პლიუსი" უხდის თანხას ამ აუდიტორულ
კომპანიას. აბა, მოსახლეობა გადაუხდის? მაგრამ ჩვენს კომპანიას
არ ჩაუტარებია ეს კვლევა. თვითონ ადგილობრივები მუშაობდნენ ამ
აუდიტთან და სოფელთან იყო ამაზე შეთანხმება მიღწეული. კი ბატონო,
თვითონ გააკეთონ შეფასება. თუ ეს დასკვნები იქნება რაციონალური და
ახლოს სამართლიანობასთან, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ
იქ თუ იქნება საკითხი დასმული იმგვარად, რომ სამხარაული არასწორად
გააკეთებს კვლევას, ამას რატომ დავეთანხმებით? თუ ისინი არ
გვეთანხმებიან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმოთ? გააჩნია
როგორ დასვამენ ისინი საკითხს და რა ტიპის შეფასებას
მოითხოვენ", - ამბობს დავით სალაძე.
სოფელ შუქრუთში ადგილობრივები
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის
შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები
ზიანდება, 92-ე დღეა აპროტესტებენ. ერთი კვირის წინ
კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.
სამთვიანი
პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების
წარმომადგენლები არ ჩადიან.
მასალის გამოყენების პირობები