ცაგერის და ლენტეხის ეპარქიის ხელმძღვანელმა და ამავე დროს ჭყონდიდის
ეპარქიის დროებითმა მმართველმა მეუფე სტეფანემ დღეს პრესკონფერენცია
გამართა, სადაც იგი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.
ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების მიზეზების
გარდა, კითხვები ასევე, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის
საკითხზეც დაისვა.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ საკითხზე მას პოზიცია უფრო ადრე ჰქონდა
ვიდრე ხეობის მცველებს.
"ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა
ჩემი პოზიცია. ეს კარგად უნდა იცოდეთ, თუ მედია ხართ, ჩემი პოზიცია
მანამდე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს, რომ დაისვა ეს
საკითხი, მაშინ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება. არა ჰესის მიმართ,
არამედ იმ პროცესის მიმართ, რომელიც ამ ჰესის ინფორმირებულობასთან
დაკავშირებით იყო. ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და მათ
მიმართ რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა
ეკითხებოდნენ - მე რა მომელის? - ფლაერით პასუხობდნენ. შემდეგ, პირველ
ეტაპზე იყო მხოლოდ ის, რომ ეკოლოგიური საკითხები იდგა, მერე როდესაც
უკვე ვარლამი და ა.შ. შემოვიდნენ პროცესში ეს აბსოლუტურად ჩემგან
დამოუკიდებლად, არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი. მე ვიყავი პირველი,
გამოვედი და დავსვი შეკითხვა როგორ შეიძლება 99 წლით გასცეს
სახელმწიფომ რომელიმე კერძო კომპანიაზე ამხელა ტერიტორია", - განმარტა
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მეუფე სტეფანემ.
რაც შეეხება, მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთ
ხელმძღვანელთან ვარლამ გოლეთიანთან კავშირს, ამბობს, რომ მისი
ტელეფონის ნომერიც კი არ აქვს.
"მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო
გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან. მე მისი მასწავლებელი ვიყავი,
ვუტარებდი გაკვეთილებს. მერე წავიდა ისწავლა, მასთან კონტაქტი აღარ
მქონია. ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობ რამე საკითხში, აბსურდი და
ტყუილია იმიტომ, რომ მე მისი ნომერიც არ მაქვს ტელეფონში. სპეციალურად
არ მინდა რომ მე მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს. მე მასთან პირდაპირი
ურთიერთობა არც მაქვს, დღესაწაულებზე თუ შევხვდები. მიყვარს, კარგი
ადამიანია. მგონი, მთელმა საქართველომ შეიყვარა ისეთი ადამიანია,
ზრდილობიანი და ჩემთვის სიამაყეა, რომ ეს ადამიანი, პატრიოტი
ქართველია. ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი და მე
არასოდეს არაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ", – ამბობს
მიტროპოლიტი.
რიონის ხეობის მცველი 25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა, რაც
საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.
„თქვენ იცით და მგონი, არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ
ეპარქია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ – ვგულისხმობ ცაგერისა და ლენტეხის
ეპარქიას – ასევე არის მეუფე სტეფანე მისი მმართველი და მეუფე სტეფანე
გახლავთ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც.
ბუნებრივია მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, იცით ამის შესახებ და
ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ
მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ამიტომ ჩვენ
ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ თავად ცაგერში, სხვადასხვა
დღესასწაულებზე.
ბუნებრივია, როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის
მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ
მას ტრადიციულად დავსწრებოდით,“ – ასე განმარტა ვარლამ გოლეთიანმა
ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლა.
მეუფე სტეფანემ რიონის
ხეობაში ჰესების მშენებლობა გააპროტესტა და
ხეობის მცველებს
თანადგომაც ღიად გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები