გუმათში, სადაც ორ კვირაზე მეტია
სამართალდამცველებს რკინის ჯებირები აქვთ აღმართული,
ხეობის მცველებმა დამატებითი კარავი გაშალეს.
მოძრაობა ,,რიონის ხეობის
გადარჩენისთვის'' აქტივისტის ნუგზარ გოდოლაძის თქმით, კარვის დადგმის
საჭიროება მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდამ
გამოიწვია.
"არ იყო საკმარისი სივრცე, ბევრი
ადამიანი მოდის და საჭიროა დამატებითი კარვები. უკვე გვაქვს ორი
კარავი, დღეს გავშალეთ კიდევ ერთი, რომ ადამიანებმა შეძლონ ღამის
გათევა და სიტუაციის კონტროლიც უფრო მარტივი იყოს", - განაცხადა
ნუგზარ გოდოლაძემ.
ეს ის კარვებია, რომლებიც პოლიციის
ძალით სოფელ ნამოხვანში, ერთ-ერთი აქტივისტის ეზოში 11 აპრილს
აიღეს.
რიონის ხეობაში 183-ე დღეა
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი
მიმდინარეობს.
15 აპრილს აქტივისტები იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ,
სადაც დიალოგის დაწყების წინაპირობად სამი მოთხოვნა წამოაყენეს. ესენი
იყო: გუმათჰესთან რკინის ჯებირების მოხსნა, სოფელ ნამოხვანისკენ
გადაადგილების უფლება და ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების
შეჩერება, თუმცა, ხელისუფლებამ ადგილზე მხოლოდ
სამართალდამცველების რაოდენობა შეამცირა, არ მოხსნა რკინის ჯებირები
და აქტივისტებს ამ დრომდე არ აძლევს გადაადგილების
უფლებას.
ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები