ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში ჭავჭავაძის
გამზირს გადაკეტავენ.
ხეობის მცველების თქმით, გამზირის გადაკეტვა იქნება გამაფრთხილებელი
ქმედება, რომელსაც მოჰყვება სხვა ქმედითი ნაბიჯები.
"ბუნებრივია, წლების განმავლობაში აქ ვერ ვიდგებით. კონკრეტული
ნაბიჯები უნდა გადავდგათ ახლა. სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე არ
გავჩერდებით, ეს ყველამ იცოდეს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ეს გადაწყვეტილება ხეობის მცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც
ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ჯებირების აღების და ნამახვანისკენ
გზის გახსნის შეპირება არ შესრულდა. მცველებმა გუამთჰესთან
გამაგრებული სამართალდამცავებიდან პასუხი ვერ მიიღეს. მათ არც
გადაადგილების უფლება მიეცათ.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 18 სხვადასხვა
ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს.
აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს,
რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე
ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.
რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის
მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით
ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს
აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა
შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის
განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები