დღეს იწურება რიონის ხეობის
მცველების მოთხოვნებზე მსჯელობის დრო. ჰესის მოწინააღმდეგეები
ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან.
აქტივისტი მარიტა მუსელიანი
ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე
იქნება ცნობილი. გუმათჰესთან, სადაც აქტივისტები სამი კვირაა ღამეებს
ათევენ, ისევ დგას პოლიცია და ისევ აღმართულია რკინის
ჯებირები.
"მოლოდინის რეჟიმში
ვართ. აქ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. რაღაც პროცესები მიდის
(ხელისუფლებაში) და დღის ბოლომდე გვეცოდინება პასუხი", - ამბობს
მარიტა მუსელიანი.
რიონის ხეობის მცველებსა
და ხელისუფლებას შორის დათქმული დროის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე,
შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციაში. ხეობაში ჰესის მშენებელი
კომპანიის დირექტორი მერაბ ლომინაძე გუბერნატორს
ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ მხარის
რწმუნებულმა თქვა, რომ "ენკას" წარმომადგენელთან მხოლოდ ხეობაში
ხუთმილიონიანი ფონდის შექმნის საკითხზე ისაუბრა.
"იცით, რომ ფონდი არის
შექმნილი რიონის ხეობაში და ამ ფონდის ირგვლივ ვისაუბრეთ. ჩვენ არ
გვქონია სამუშაოების შეჩერებაზე საუბარი. ამ თემაზე მათთან არ მაქვს
კომუნიკაცია. ეკონომიკის მინისტრი არის ამ თემაზე კომპანიასთან
კონტაქტზე და მე ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას. დანარჩენს
უკვე გაიგებთ ხვალ, როგორც გაცხადდება. ხვალ, 23 აპრილს მათ
ეცნობებათ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ" , - განაცხადა ზვიად
შალამბერიძემ.
რიონის ხეობაში
ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და გუმათჰესთან
არსებული რკინის ჯებირების მოხსნა, ის მთავარი მოთხოვნებია, რაც
აქტივისტებმა 15 აპრილს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრაზე შემდგომი დიალოგის წინაპირობად წამოაყენეს.
ხეობის მცველების თქმით,
თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი დიალოგზე უარს
იტყვიან და პროტესტს კვლავ აქციების გზით
გააგრძელებენ. პროტესტის ერთ-ერთ ფორმად აქტივისტები ქალაქების
ქუჩებისა და მაგისტრალების გადაკეტვას განიხილავენ. გრძელვადიან
გეგმაში კი საუბრობენ აქციების თბილისში ჩატარებაზე.
რიონის ხეობის მცველებმა
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ექვსი თვის წინ დაიწყეს. 179 დღეა
ხეობის მცხოვრებლები ღამეებს კარვებში ათევენ.
მასალის გამოყენების პირობები