დაკმაყოფილდება თუ არა რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები,
ხეობაში ჰესის სამუშაოების შეჩერებისა და
სოფელ ნამოხვანისკენ გზის გათავისუფლების შესახებ, აქციის
მონაწილეებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხუთდღიანი ვადის
ამოწურვის შემდეგ მას დღეს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე
დაუკავშირდა და უთხრა, რომ შეხვედრაზე მათ მიერ
წამოყენებული მოთხოვნების შესახებ პასუხი კვირის ბოლომდე იქნება
ცნობილი, რადგან პრემიერმა ამ საკითხებზე სამსჯელოდ ვერ მოიცალა.
თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს დიალოგის წინაპირობად დასახელებული სამი
მოთხოვნის შესრულებას, უცნობია. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ
პროცესის დროში გაწელვა აქციის მონაწილეებში აჩენს განცდას, რომ
ხელისუფლება დროს შეგნებულად აჭიანურებს და თუ მთავრობა დროულად არ
მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან
დაკავშირებით, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გეგმაზე
გადავლენ.
"დამიკავშირდა გუბერნატორი და თქვა, რომ პრემიერი გუშინ შეხვდა ბატონ
მიშელს და არ ჰქონდა დრო, რომ ეს საკითხები გაევლო. მე
პირადად დავუკავშირდი პრემიერის რწმუნებულს ლერი
ბარნაბიშვილს და ვუთხარი, რომ თუ ამას დაემატება კოვიდის გამო
შეზღუდვები ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს
აღარ ექნებათ საშუალება ჩვენთან მოვიდნენ, ეს გააჩენს იმის განცდას,
რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად და შემდეგ ჩაკეტა ჩვენი
თავისუფალი პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა. მათ თქვეს, რომ დღესვე
მოხდება პრემიერთან ამ საკითხის განხილვა და პარასკევს არ
გადასცილდება პასუხი. დაველოდებით პარასკევ დღეს და პირობების
შესრულებას მათგან. ეს თუ არ მოხდება, ფართომასშტაბიანი
აქციების გზით წავალთ და კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია.
პროტესტი მოიცავს სხვადასხვა ქალაქს, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
ყველაგან გამოვა ხალხი, იგეგმება პიკეტირება და შემდეგ ყველა ერთად
გადავინაცვლებთ დედაქალაქში", - განაცხადა ვარლამ
გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველებმა უკვე 177-ე ღამე გაათიეს კარვებში. 3
აპრილიდან მათ სოფელ ნამოხვანში, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო
ადგილი იყო, აღარ უშვებენ. აქტივისტები იძულებული არიან პროტესტი
გუმათჰესთან გააგრძელონ. ხეობაში ისევ გრძელდება ჰესის
მოსამზადებელი სამუშაოები.
ნამოხვანში შესვლა და ხეობაში სამუშაოების შეჩერება ის
მთავარი მოთხოვნები იყო, რაც აქტივისტებმა 15 აპრილს იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან
გამართულ შეხვედრაზე დააყენეს. შეხვედრაზე აქტივისტებმა დაპირება
მიიღეს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს
პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელების შემდეგ განიხილავდა.
მასალის გამოყენების პირობები