რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის
საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორები, ვარლამ გოლეთიანი და მირზა
ნოზაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში
შეხვდნენ.
მირზა ნოზაძის თქმით, შეხვედრაზე
მათ ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია ხეობაში ბოლო დროს განვითარებული
მოვლენების, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების
შესახებ.
"ჩვენ პროტესტის პირველივე
დღეებიდან ვცდილობდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
დაკავშირებას და ხმის მიწვდენას. შეხვედრა ემსახურებოდა მათ
ინფორმირებას თუ რას ვაპროტესტებთ, რა არის ჩვენი კითხვები. იყო
ინფორმაციების გაცვლა ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე,
მაგალითად, დარბეული ნამოხვანის კარვებისა და ბლოკბოსტის სახით. ეს
იყო პირველი ნაბიჯი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
შეხვედრის. მათ მოისმინეს ჩვენი შეფასებები და აუცილებლად იქნება
შემდგომი შეხვედრა, რომ ისინი ამ პროცესებს დააკვირდნენ და თუ საჭირო
იქნება, შეფასებებიც გააკეთონ", - განაცხადა მირზა
ნოზაძემ.
ხეობის მცველებთან ონლაინ
ფორმატში საუბარი აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის, ესტონეთისა და დიდი
ბრიტანეთის ელჩებთან შედგა. შეხვედრა ხეობის მცველების ინიციატივით
მოეწყო. მირზა ნოზაძის თქმით, მათ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის
მისაღებად თურქეთის საელჩოსთან კომუნიკაციის მცდელობა არ
ჰქონიათ.
მოძრაობა
"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების
მშენებლობას 175 დღეა აპროტესტებენ. ხეობაში ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე
ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან
ერთად ჩავიდა.
იმავე დღეს, პოლიციამ
გუმათჰესთან ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო
და შეზღუდა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით
გადაადგილება.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური
ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ
შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები