ნამახვანჰესის საწინააღმდეგო
აქციაზე 14 აპრილს დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად
დატოვეს.
სხდომაში მონაწილეობაზე უარი ექვსივე ბრალდებულმა
თქვა. ამის შემდეგ სხდომიდან მათი ადვოკატებიც გავიდნენ.
დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, მათ საქმის მასალების
გასაცნობად დრო ითხოვეს, რაზეც უარი ეთქვათ. ამის შემდეგ მათ
მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც ასევე არ
დაკმაყოფილდა. უფლებადამცველების განცხადებით, ასეთ ვითარებაში
პროცესში მონაწილეობა აზრს კარგავდა და ირღვეოდა მხარეთა
შეჯიბრებითობის პრინციპი. დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის დალი
სულაქველიძის ინფორმაციით, სასამართლო სახაზინო ადვოკატების
გამოძახებას აპირებს,რაც უფლებადამცველებისთვის მიუღებელია.
"ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს ადვოკატი,
ამიტომ ჩვენ არ დავეთანხმებით სასამართლოს ამ უკანონო
გადაწყვეტილებას", - განაცხადა დალი სულაქველიძემ.
ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი,
რომლებიც ბათუმიდან ჩამოვიდნენ, პოლიციამ 14 აპრილს, ბათუმში, საკუთარ
საცხოვრებელ სახლებში დააკავა. დაკავებულების პროცესზე დასასწრებად
დღეს ბრალდებულების ახლობლები ბათუმიდან ჩამოვიდნენ და სხდომაზე
შესვლას ითხოვდნენ.
ისინი ჯერ იმერეთის სამხარეო პოლიციასთან
შეიკრიბნენ და პოლიციის ავტომანქანებს, რომლებითაც დაკავებულები
გადაჰყავდათ, არ ატარებდნენ, რის გამოც სამართალდამცველებთან
დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით კი მათ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, დაკავებულების ახლობლებს
სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაში ბათუმიდან
ჩასული ექვსი პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები