"მოიხსნა ის აპრიორი
მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება",
- ამის შესახებ სამხარეო
ადმინისტრაციაში მთავრობის წარმომდგენლებთან თითქმის ოთხსაათიანი
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხეობის მცველმა მარიტა მუსელიანმა
განაცხადა.
ის ამბობს, რომ შეხვედრაზე
მთავრობის მხრიდან ითქვა, რომ რომ თუკი ჰესი ხალხის ნების
საწინააღმდეგო იქნება, ის არ აშენდება.
"დღეს გვქონდა პირველი
პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი
მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ
პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთი ნათქვამით
შეიძლება არ დამეჯერებინა. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუ ეს
შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ხალხის ნების საწინააღმდეგო
იქნება, არ აშენდება ეს პროექტი. დანარჩენი ტექნიკური ხასიათი იყო", -
ამბობს მარიტა მუსელიანი.
შეხვედრას ხეობის მცველების
მხრიდან ხუთი ადამიანი ესწრებოდა.
"იმისთვის, რომ
დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს
მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა
შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ“, - განაცხადა შეხვედრის
დასრულების შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა.
შეხვედრას
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი,
იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა
და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ხეობის
მცველებს რეგიონებთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორს ზვიად
შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო
რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატები შეხვდებიან.
შეხვედრა მედიისთვის
დახურული იყო.
მოძრაობა "რიონის
ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების
მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.
ხეობაში ვითარება 3
აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი
კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად
ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან
შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც
გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.
11 აპრილს
სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.
13 აპრილს პოლიციამ
აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი
დააკავა.
რიონის ხეობაში 433
მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და
ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს
სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა ხელისუფლების
მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები
საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის
ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები