რიონის ხეობაში,
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა შესაძლო პროვოკაციის
თავიდან არიდების მიზნით, დროებით, სოფელ გუმათის ცენტრში
გადაინაცვლეს.
საუბარია, "ქართულ მარშსა" და
ვიდეობლოგერ დომენიკ მანგოს თანამოაზრეებზე, რომლებიც
გავრცელებული ინფორმაციით, გუმათჰესთან შეკრებილებთან შეურთებას
გეგმავენ.
"რამდენიმე ისეთი ჯგუფი იყრის თავს, რომლებსაც ისტორიული
დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან და შეიძლება ადგილზე დაიძაბოს
ვითარება. ჩვენ არ გვინდა პოლიციამ გამოიყენოს ეს შანსი. დიდი ხანია
ელოდებიან რაიმე მნიშვნელოვან პროვოკაციაზე წამოგვაგონ და ამით
გაანეიტრალონ ჩვენი პროტესტი. ჩვენ მოვუწოდეთ სამხარეო პოლიციის
უფროსსაც, რომ მიეღო შესაბამისი ზომები, მაგრამ თქვა, რომ არაფრის
გაკეთებას არ აპირებენ.
წინასწარ არანაირ კონსპირაციას არ ვავითარებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ თუ
აქ ექნება შეხლა-შემოხლას ადგილი, ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. თუ
მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, ყველა გადავალთ კარვის მხარეს და
ვისაც უნდა დაპირისპირება, მიეცემა ეს ასპარეზი, ალბათ, მათ ამისთვის.
მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე", - აცხადებს
ვარლამ გოლეთიანი.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის''
აქტივისტებს დღეს სოფელ ნამოხვანში შესვლა ჰქონდათ დაგეგმილი.
სადაც პოლიცია მათ უკვე 13 დღეა არ უშვებს. გუშინ
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირზე ხელებით
ხმაურის გამოწვევაც აუკრძალა და უთხრა, რომ თუ
"ბრახუნს" არ შეწყვეტდნენ, პოლიცია გამოიყენებდა პროპორციულ
ძალას.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 172-ე დღე
გუმათჰესში გრძელდება, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს
აღმართული და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანისაკენ, სადაც მათი ძირითადი
საპროტესტო ადგილი იყო, არ უშვებს.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია
"ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური
ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ
შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები