არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭვრივალობა - საქართველო" რიონის ხეობაში მიმდინარე
მოვლენებს ეხმაურება.
"სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად
არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე
გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018
წლიდან ეწინააღმდეგება. პროტესტი განსაკუთრებით ინტენსიურად 2020 წლის
ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ კვირას, სახელმწიფომ სოფელ ნამოხვანისკენ
მიმავალი გზები დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე,
პოლიციის მეშვეობით ჩაკეტა. აქციის
ორგანიზატორები ასევე საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ
განხორციელებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე. სახელმწიფოს მიერ
გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის
გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ
გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი
მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად
რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი
კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო
აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს
საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს იქ მყოფი
ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების
დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა, „რიონის
ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის
შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან
შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს", - ნათქვამია "გამჭვირვალობის"
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიონის ხეობაში
11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე აღმოჩნდა. "მცველების" ნების
საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები დაშალა.
უწყება კარვების აღების მიზეზად მდინარე რიონის შესაძლო ადიდებას ასახელებს.
ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა,
რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას
შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3
აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც
არავის უშვებენ.
მასალის გამოყენების პირობები