რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში, ადგილი,
სადაც კარვები იყო განთავსებული გადახნეს.
"ტერიტორია ისე არის გადახნული, რომ ვერავინ ვერ დადგება. ოდნავ ზემოთ
კი ტექნიკა მუშაობს", - ამბობენ ხეობის
"მცველები", რომლებიც 168 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად
კარვებში ათენებდნენ.
"ჩვენი ნივთების წასაღებად
მოვედით დილით და ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა".
ამ დრომდე გადაკეტილია სოფელი ნამოხვანი,
სადაც შესვლას პოლიცია ზღუდავს, რომელიც
3 აპრილიდან დგას და ე.წ. ბლოგსაგუშაგო აქვს
მოწყობილი.
რიონის ხეობაში 11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე
აღმოჩნდა. "მცველების" ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები
დაშალა.
უწყება კარვების აღების მიზეზად მდინარე რიონის შესაძლო ადიდებას ასახელებს.
ხეობაში ვითარება
3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი
პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური
ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის
ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის
უშვებენ.
გზა გადაკეტილია
რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ
ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.
ადგილობრივების
ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ
იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს
შეუერთდნენ.
„ნამახვანჰესის“
მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი.
აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ
ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3
აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ
ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.
რიონის ხეობაში
433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და
ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს
სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა
ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა,
ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი
სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის
დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის
ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები