რიონის ხეობის მცველება საპროტესტო აქცია
შესაძლოა თბილისში გამართონ. ამის შესახებ განცხადება ხეობის
ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
"ვემზადებით თბილიში აქციისთვის. ვცილობთ, არ დავაჩქაროთ ეს აქცია და
ვდებთ მაქსიმალურად შორს, რადგან იქ დადგომა უკვე სხვა
პასუხისმგებლობაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხელისუფლებამ საღად
უნდა შეაფასოს ეს პროცესი.
ჩვენს მხარეზეა ყველა ის კრიტერიუმი და საზომი, რაც შეიძლება იყოს
ღირებულებით აღჭურვილი, საღად მოაზროვნე ადამიანის იარაღი. მათზე
მუშაობს ის უსუსური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიურად გავტეხოთ, როდემდე
გაძლებენ ასეო. თქვენ, ჩვენ ვერ გაგვტეხთ ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც
დაგვშლით, ვერც დროით მოგვერევით", - განაცხადა აქციაზე
გოლეთიანმა.
ამ წუთებში რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რიონის
ხეობის მცველები დღეს მათი პროტესტის ადგილზე თავისუფალ გაადგილებას
ითხოვენ, რომელიც პოლიციამ 3 აპრილს შეუზღუდა.
იმის გამო რომ ხეობაში შესვლა მკაცრად
კონტროლდება აქციის მონაწილეები ფეხით მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის
პოლიცია, ასევე, შეყვანილია სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის
ჭავლის მანქანები.
რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა
აშენდეს, ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე
პოლიციის თანხლებით კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მივიდა. მერაბ
ლომინაძე რიონის ხეობის მცველებსაც შეხვდა. მან ხეობის მცველებს უთხრა,
რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები არ
შეჩერდებოდა, შესაბამისად, ტერიტორიაზე ტექნიკაც შეიყვანეს. ამის
გარდა, ხეობაში აკრძალულია გაადგილება. პოლციამ გუშინვე აღმართა
საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც აფერხებს მედიის
მუშაობას.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები