"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი
18:51 / 03.04.2021
კომპანია "ენკას" ახალმა დირექტორმა
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ
მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება.
რაც შეეხება კაშხალს, მისი მშენებლობა ჩატარებული კვლევების
გადამოწმებამდე არ დაიწყება. მერაბ ლომინაძის თქმით,
ნამახვანჰესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის ქვეყნის
ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია.
მერაბ ლომინაძე რიონის ხეობაში დღეს დილით
პოლიციასთან ერთად მივიდა. სოფელში ახალი დირექტორის გამოჩენამ
ვითარება, განმუხტვის ნაცვლად, კიდევ უფრო დაძაბა. ჰესის
მოწინააღმდეგეებსა და მერაბ ლომინაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების
შემდეგ, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ დაიწყო მუშაობა, რამაც ხეობის
მცხოვრებლები კიდევ უფრო გააღიზიანა. მათ სამუშაოების შეწყვეტა და
კომპანიის მიერ ხეობის დატოვება მოითხოვეს. ახალმა დირექტორმა დღესვე
უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰესის მიერ წარმოებული
ელექტროენერგია საქართველოს ფარგლებს გარეთ
გაიყიდება.
"როდესაც ეს ჰესი გაეშვება ექსპლოატაციაში, თუ
ეს მოხდა, ის იქნება ერთიანი საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილი და
საუბარი იმაზე, რომ ეს ელექტროენერგია სადღაც გაიყიდება, ვერ
იქნება. ყველა ის სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მოსამზადებელ
ეტაპთან, მიმდინარეობს და ასე წარიმართება. ისეთი მნიშვნელოვანი
ობიექტების მშენებლობა, როგორიცაა, მაგალითად კაშხალი, არ დაიწყება
მანამდე, ვიდრე არ მოხდება იმ კვლევების დადასტურება,
რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს. პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს,
არ არის ჩვეულებრივი პროექტი. ჩვენ აქ ვაკეთებთ პროექტს, რომელიც
სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, შექმნის სამუშაო ადგილს, გაამყარებს
ლარს და უზრუნველყოფს ამ ხეობის ახალ სიცოცხლეს. დღეს, ჩვენი
დამოუკიდებლობა პრაქტიკულად გადის ამ პატარა ხეობაზე", – განაცხადა
მერაბ ლომინაძემ.
ხეობის მცხოვრებლები, როლებიც ხუთ თვეზე მეტია
ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და
ამბობენ, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ
მისცემენ.
მონა! წადი! - ამ შეძახილების ფონზე უწევდა დღეს კომპანიის
თანამშრომლებს ხეობაში მუშაობა.
ადგილობრივებმა
უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.
რიონის
ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები