რიონის ხეობაში პოლიციამ ორი
პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
დაკავებულებს გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლით ედავება, რაც წვრილმან
ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას
გულისხმობს.
დღეს სოფელ ნამოხვანში კომპანია "ენკამ" ჰესის
სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პროცესს კომპანიის ახალი დირექტორი
მერაბ ლომინაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ხელისუფლებამ აქციის
მონაწილეებს გამოსავლის სახით შესთავაზა, თუმცა, მისმა გამოჩენამ
ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.
მერაბ ლომინაძე ჰესის მოწინააღმდეგეებთან
შესახვედრად დილიდან მივიდა, თუმცა, პოლიციის თანხლებით.
მისი გამოჩენიდან მალევე ხეობაში
სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. ისინი
ტექნიკასთან მიახლოებას შეეცადნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა
სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ნამოხვანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ხეობის მცხოვრებლები შეძახილებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას და
კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა შეზღუდულია.
საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება. რიონის ხეობაში
პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს
კარვებში.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები