2021 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდებისათვის 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
"ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია
38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში
მონაწილეობის სურვილი 3 700 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო
სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 - ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი
დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და
პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე
მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც,
რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი
ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე", -
განაცხადა გორგოძემ.
სოფიო გორგოძის ინფორმაციით, აბიტურიენტთა
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
აბიტურიენტები ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას
ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე - 15 აპრილის 18:00 საათამდე
შეძლებენ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში
ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო
დღის ჩათვლითაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები