გოგი წულაიას ადვოკატის ვალერი
გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია, თუმცა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული შიმშილობის შეწყვეტაზე
თანხმობას ამ დრომდე არ აცხადებს.
"ისევ აგრძელებს შიმშილობას, უბრალოდ წვეთოვან
კვებაზეა და ასე იღებს აუცილებელ ვიტამინებს. როგორც კლინიკაში
მითხრეს, მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საჭიროებს მეთვალყურეობას.
მისი იქ დატოვება არ შეიძლება. უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და
გათავისუფლდეს", - ამბობს ვალერი გელბახიანი.
დაცვის მხარე აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით
პროკურატურას მიმართავს.
გოგი წულაია, რომელიც ციხის საკანში 10 დღე
შიმშილობდა, 29 მარტს შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ციხის
საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
პოლიტიკოსი 17 მარტს
დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ნაქირავებ ბინაში,
ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად
სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით
ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით
დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომდევნო პროცესი 10 მაისსა
ჩანიშნული.
დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის
მხარე მომხდარს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის
შვილის, ბერა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი
ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს,
რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა
მიაყენეს.
მასალის გამოყენების პირობები