ავტომანქანების მფლობელებს,
რომლებიც ჯერ კიდევ ძველი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებიან, მათი
შეცვლა მოუწევთ.
2021 წლის პირველი აპრილიდან ძველ
სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ. შესაბამისად,
მძღოლებს დრო 31 მარტის ჩათვლით აქვთ.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებში რეგისტრაციის პროცესი
უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, რომ
ავტომანქანების სანომრე ნიშნების ახალი დიზაინით ჩანაცვლება 2014
წლიდან დაიწყო, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ავტომფლობელია, რომელსაც
ნომერი არ შეუცვლია.
"ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში
დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი,
მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ
მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის
მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის
სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და
დათვალიერება", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის
მესაკუთრეებს, საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური
აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი
ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის
სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები
(მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა
და ა.შ.) არ არის შეცვლილი.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა
ავტომფლობელებზე 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა,
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე,
ვადა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით
ავტომობილის გადაადგილების შემთხვევაში მფლობელი ადმინისტრაციული
წესით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები