2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15
მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების
მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის
ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
(EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას
ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება
და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა
მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე
უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის
პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ
შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური
განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული
განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების
განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ)
გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით
გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის
მქონე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ
დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება
ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე
განახორციელონ.
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში
დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის
ჩათვლით უსრულდება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი
დოკუმენტების ნუსხა ასე გამოიყურება:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,
რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი
ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით
გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში
შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
მასალის გამოყენების პირობები