რიონის ხეობის "მცველები" და მათი მხარდამჭერები
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის 141-ე ღამეს ქუთაისის
ცენტრში გაათევენ.
ამის შესახებ აქციაზე ხეობის "მცველმა" ვარლამ
გოლეთიანმა განაცხადა.
"პროტესტის
141-ე ღამეს აქ გავათევთ. დილით კი, ჩვენ დავიძრებით სოფელ
ნამოხვანში. თქვენ იცით, რომ თითქოს საუბარი იყო სამუშაოების
გაჩერებაზე და იმედია ხელი არ წაუცდება არავის.
მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე! ყველაფერს
აქვს საზღვარი, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით,
მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის
ნებას, ჩვენ მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს
ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ",
- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ქუთაისის ცენტრში ნამახვანჰესის წინააღმდეგ
მრავალრიცხოვანი გამართულ აქცია მიმდინარეობს. ხეობის "მცველების"
მთავარ მოთხოვნას კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, ეკონომიკის
მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.
ხეობის მცველებს მხარდაჭერას საქართველოს
სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, არასამთავრობო
ორგანიზაციები, მათ შორის თურქი მწვანეებიც უცხადებენ.
რიონის ხეობის მცველების
მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს,
კიდევ ერთი მოთხოვნა - ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც
დაემატა.
ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ
ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი
შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.
შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ ის
საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით
აწუხებს.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც
რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი
აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც
შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით
ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების
მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის
შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ
აპირებენ.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ
თვეზე მეტია გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა
არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით
იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები