ქუთაისის ქუჩებში
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია, რაც
გადაადგილების საფრთხეს ქმნის.
"უსაფრთხოდ ვერ გაივლი. ყოველ ნაბიჯზე ფეხებში გვებლანდებიან. ისეთი
მოუვლელები არიან, რომ შეგეშინდება. თანაც ამ პანდემიის დროს
ნამდვილად არ მინდა კიდევ რამე დავიმართო",
- ამბობს ქუთაისის მკვიდრი მარინა სვანიძე.
"ბავშვები მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ და მეშინია მარტო
გაშვების. ზუსტად, სკოლის მიმდებარედ არიან "გაწოლილები" ე.წ.
მაწანწალა ძაღლები", - ამბობს ქუჩებში უმეთვალყურეოდ დარჩენილი
ცხოველების სიმრავლით შეწუხებული ნინო კაპანაძე.
ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე
ზედამხედველობას, 2015 წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები
ახორციელებს". ორგანიზაციამ 2016 წლიდან ძაღლების თავშესაფარი მოაწყო,
რომელიც 200 ძაღლზეა გათვლილი.
ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ძაღლთა
თავშესაფარში მიყვანილ ძაღლებს კასტრაციას, სტერილიზაციას, ცოფზე
ვაქცინაციას და სამედიცინო დახმარებას უწევენ. 14 დღის განმავლობაში
თავშესაფარში აკვირდებიან და შემდეგ ისევ ქუჩაში აბრუნებენ, ეს
ორკვირიანი სერვისი კი ორგანიზაციას 70 ლარი უჯდება.
ორგანიზაციის
წარმომადგენლის გიორგი მჟავანაძის განმარტებით, თავშესაფარი ყოვედღიურად
დატვირთულია და მას გამოჯანმრთელებული ძაღლი ტოვებს.
,,200 ზე მეტი თუნდაც ერთით მეტი ძაღლი შემოვიდა, ვინც
პირველი გამოჯანმრთელდა და არის უსაფრთხო, თავშესაფარს ის ძაღლი
ტოვებს''-, განმარტავს გიორგი მჟავანაძე.
ამ დროისთვის თავშესაფარში
200 მიუსაფარი ცხოველია.
რაც შეეხება ქუჩებში
მიუსაფარი ცხოველების მომრავლებას, ააიპ "სპეციალურ სერვისებში" არ
აღიარებენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ყოველდღიურად
ხდება მონიტორინგი, რაც მიუსაფარი ცხოველების დაჭერას და ძაღლთა
თავშესაფარში მიყვანას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში
მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს და გადაადგილება
საშიშია.
მასალის გამოყენების პირობები