ნამახავანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი
მასშტაბური აქცია ქუთაისში 28 თებერვალს
გაიმართება.
რიონის ხეობის "მცველების"
ინფორმაციით, აქცია სოფელ ოფურჩხეთში უნდა გამართულიყო, თუმცა
მხარდამჭერების დიდი რაოდენობისა და მათი უსაფრხთოებისთვის აქცია
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათზე დაიგეგმა.
"ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი.
ქვების სროლა რომ გვდომებოდა აქამდეც მოვახერხებდით. დაგეგმილი
მასშტაბური აქციის ადგილი შევცვალეთ და მშვიდობიანი აქცია სოფელ
ოფურჩხეთის ნაცვლად, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
რიონის ხეობაში ვიწრო ადგილია. მობილიზებული იქნება ალბათ 1000-მდე
პოლიციელი, მათი მანქანები იქნება და ვერ დაეტევიან აქციის
მონაწილეები. მათი უსაფრთხოებისათვის ქუთაისის ცენტრალურ მოედნიდან
დავაფიქსირებთ კიდევ ერთხელ ჩვენს პროტესტს. ველოდებით მაქსიმალურად
ბევრ ადამიანს რომ დავანახოთ ხელისუფლებას და კომპანიას ხალხის
ძალა",- აცხადებენ რიონის ხეობის
მცველები.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, 125-ე დღეა,
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის ადგილთან ახლოს კარვებში ღამეს
ათევენ. მათ მხარდაჭერას მწერლებიც უცხადებენ და მთავრობას
ღია წერილით მიმართავენ შეაჩერონ
კასკადების მშენებლობა.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად
მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის
უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები,
სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების
შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს
არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის
საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ
ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის
მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის
მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის
ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის
ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას
დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა
დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები