რიონის ხეობის "მცველები" 23 თებერვალს
დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ამ წუთებში
ელოდებიან.
მათი თქმით, ქუთაისის სასამართლოს მიერ
დაკისრებული გირაო 2000 ლარი უკვე შეგროვდა.
"ანგარიში გვაქვს გახსნილი, სადაც ადამიანები
გვეხმარებიან. რაღაც თანხაც გვქონდა და გადავიხადეთ უკვე. უნდა
გამოუშვან წესით. ველოდებით", - ამბობს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
ლაშა მიქაუტაძე სამართალდამცავებმა 23
თებერვალს, სოფელ ნამოხვანში დააკავეს. ადგილობრივები ტერიტორიაზე
გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი გაღიზიანება
ხეობაში სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ენკას" ტექნიკის
გამოჩენამ გამოიწვია, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა
და სამუშაოებზე დასაქმებულებს შორის. დაკავებულს კომპანიის
კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებოდნენ. ლაშა მიქაუტაძე
პოლიციამ თავდაპირველად ორი - სსკ-ის 187-ე და 126-ე
მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც ძალადობას და ნივთის დაზიანებას
გულისხმობდა, თუმცა, სასამართლომ საბოლოოდ დაკავებულს გირაო 126-ე
მუხლით შეუფარდა.
რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა
გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში
ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მასშტაბური აქცია ხეობაში 28
თებერვალს დაიგეგმა.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად
მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის
უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები,
სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების
შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს
არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის
საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ
ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის
მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის
მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის
ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის
ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას
დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა
დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები