ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, მოსკოვის
ქუჩის ნაცვლად, შინდისის გმირების
ქუჩა დაერქვა.
"შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის.
100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან . სამწუხაროდ, ოკუპაცია
გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად
დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ,
სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა,
რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი
ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე
შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის
პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის
ქუჩა!"- ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სახელი სამოქალაქო მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლების
ინიციატივით გადაერქვა. აბრა ერთ-ერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის
გადარჩენილმა გმირმა ტრისტან ჩიტიძემ თავად გააკეთა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი
ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი,
ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი,
ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ
დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს
კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები