ახალი ამბები
მერიამ არ იცის სად არის ქვები, რომელშიც ფული გადაიხადა
FaceBook
ქუთაისის მერიას არ აქვს პასუხი, სად არის ქვები, რომლებიც თეთრ ხიდზე რეკონსტრუქციის შემდეგ უნდა დაეწყოთ.

ადგილობრივ თვითმმართველობას სამი დღის წინ ვკითხეთ,  საბოლოოდ რა ბედი ეწია ქვებს და სად ინახება ისინი ხიდის რეკონსტრუქციიდან ორი წლის შემდეგ. მერიას პასუხი არ აქვს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ქვები, რომლებიც შპს  "ალმა-რუს საქართველომ" ქალაქის ბიუჯეტის ფულით იყიდა, პროექტში  ცვლილების შეტანის შემდეგ კომპანიას დარჩა.  შესაბამისად, მერიამ არ იცის სად წავიდა ქვები, რომლებშიც ფული გადაიხადა.

"პროექტში ბოლო ცვლილების თანახმად, ქვები თეთრ ხიდზე აღარ განთავსდებოდა. შესაბამისად, ეს ქვები ქუთაისის მერიის საკუთრებას არ წარმოადგენდა არც ერთ ეტაპზე. კომპანია, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს, თავად განკარგავს თავის ქონებას", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

თეთრი ქვები, რომლებშიც მერიამ, ხიდის რეკონსტრუქციასთან ერთად,  435 ათას ლარზე მეტი გადაიხადა, პროექტის მთავარი ნაწილი იყო. სხვადასხვა ფორმის 13 ქვა რეაბილიტირებულ ხიდზე უნდა გადაენაწილებინათ, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა, თუმცა, ეს იდეა, ისევე, როგორც მთლიანი პროექტი, საზოგადოებამ დაიწუნა. ამის შემდეგ მერიამ ქვების განთავსება გადაიფიქრა, თუმცა, უკვე გვიანი იყო. ხელშეკრულებით მიღებული თანხით, "ალმა-რუს საქართველოს" იმიტირებული ქვები უკვე ნაყიდი ჰქონდა.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი

საბოლოოდ,  ხიდი თეთრი ქვების გარეშე გაიხსნა, თუმცა, გახსნიდან ერთ თვეში, კომპანიამ ადგილზე ქვები მაინც მიიტანა და დატოვა. ამ დროს მერიასა და სამუშაოების შემსრულებელს შორის ურთიერთობა უკვე დაძაბული იყო, რადგან ხიდის რეკონსტრუქციაში გამოვლენილი ხარვეზების, მათ შორის  საფარის 6 ლარიანი საღებავით შეღებვის გამო, მერია იძულებული გახდა  ხელშეკრულება შეეწყვიტა. მერიამ ხიდზე დემონსტრაციულად მიტანილი ქვები იმავე საღამოს, სამართალდამცავების თანხლებით აიღო და იმის მიუხედავად, რომ როგორც ახლა აცხადებენ, ქვები მათი არასდროს ყოფილა, "სპეციალური სერვისების"  საწყობში გადაიტანა. სად წავიდა ქვები მერიის საწყობიდან, უცნობია.  ქვების ადგილსამყოფელი არც "სპეციალურ სერვისებში" იციან.

რაც შეეხება "ალმა-რუს საქართველოს", მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე გვითხრეს, რომ ის კომპანიას არ ეკუთვნის და აღნიშნული ნომრით კერძო პირი სარგებლობს,  რომელიც "ალმა-რუს საქართველოს" წარმომადგენლებს არ იცნობს.

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები. ხიდზე,  საზეიმო გახსნიდან ორ დღეში,  რკინის საფარი, შემდეგ კი მინის ფილა დაზიანდა.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #თეთრი ხიდი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.