შინაგან საქმეთა სამინისტრო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის, ნიკა მელიას
დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას
იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური
საშუალებები გამოიყენა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს
ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი
მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს
მათ.
სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების
მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა
კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების
კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური
საშუალებები", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში
აიყვანეს.
სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში, მელიას დაკავებამდე ე.წ. წიწაკის
სპრეი გაუშვეს.
სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე
სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის
პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ,
რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.
17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,
ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე
პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის
აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო
გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ
საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები