"ქართული ოცნების" დაპირების მიხედვით, ქუთაისს
უკვე ხუთი წელია ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი უნდა ჰქონდეს,
თუმცა, ჯერ სამუშაოებიც არ დაწყებულა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხოლოდ ახლა დაიწყო შერჩეულ
კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე ზრუნვა.
მთელი ეს დრო ქუთაისის მერიამ ჯერ რგფ-სთან,
შემდეგ მგფს-თან ერთად, აუზის მშენებლობის ადგილის შერჩევასა და
თანხის კორექტირებაში გაატარა. ახალ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ლოკაციას
კი ქუთაისელები ხუთი წელია ელოდებიან.
ქუთაისში ახალი აუზის მშენებლობის
დაპირება,
2015 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის, შოთა
მურღულიას დროს გაიცა. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ყოფილი
ლითოფონის ქარხნის
ტერიტორიაზე აუზის მშენებლობის იდეა გააჟღერა.
მაშინდელი გათვლებით, პროექტს 4 მილიონი ლარი და ერთი წელი
სჭირდებოდა. ხარჯები მერიას საკუთარ თავზე უნდა აეღო. ერთი წლის
შემდეგ, 2016 წელს თანხა 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა,
დაფინანსების წყაროდ კი
რეგიონალური განვითარების ფონდი დასახელდა, თუმცა,
არსებითად არაფერი გაკეთებულა. საკითხი 2017 წელს, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების წინ გააქტიურდა. წინასაარჩევნო
პერიოდში ცნობილი გახდა, რომ რგფ აუზის მშენებლობას აღარ
დააფინანსებდა და ამჯერად პროექტში მუნიციპალური განვითარების
ფონდი ჩაერთვებოდა,
თუმცა, მგფ თანხის გამოყოფას მას
შემდეგ გეგმავდა, რაც ქუთაისის მერია პროექტს
დაამზადებდა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამაც ტენდერი სასწრაფოდ გამოაცხადა,
თუმცა, იმის გამო, რომ
პირობებში არასაკმარისი ინფორმაცია მიუთითა, პროექტის შექმნით
არავინ დაინტერესებულა და ელექტრონული შესყიდვა ჩაიშალა. ამის
შემდეგ საკითხმა აქტუალურობა დაკარგა და ოლიმპიური სტანდარტების აუზის
ხუთწლიანი დაპირება აღარავის გახსენებია.
მმართველ გუნდს დანაპირები ისევ წინასაარჩევნოდ
გაახსენდა და 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე,
აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შეიცვალა პროექტის
თანხაც და ადგილიც. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
მშენებლობა ბუხაიძის ქუჩაზე, 35-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც
აუზი გასულ საუკუნეშიც ფუნქციონირებდა, თუმცა, შემდეგ დაინგრა.
ამჯერად, პროექტის ღირებულება 8 644 126 ლარით განისაზღვრა.
სამუშაოების შესრულების სურვილი ხუთმა კომპანიამ
გამოთქვა, რომელთაგან მგფ - მ შპს "საბა
კონსტრაქშენი" შეარჩია, თუმცა, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ
არის.
"ატვირთულია უკვე იმის ოქმი, რომ გამარჯვებული გამოვლენილია.
რაღაც პერიოდი გვაქვს ახლა, საბანკო გარანტიები უნდა წარვადგინოთ.
გვქონდა მიმოწერა მგფ-სთან, ორ-სამ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულებაც
და დავიწყებთ სამუშაოებს", - გვითხრა შპს "საბა კონსტრაქშენის"
დირექტორმა, ლევან თარგამაძემ.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ
გამარჯვებულის გამოვლენიდან ხუთი თვის გასვლის მიუხედავად, პროცესი არ
გაჭიანურებულა და ის დაკავშირებულია დონორთან.
"რადგან ეს პროექტი ხორციელდება დონორის (აზიის
განვითარების ბანკი) დახმარებით, ამიტომ სჭირდება დრო. დონორმა უნდა
შეაფასოს შემსრულებელი კომპანია, შეისწავლოს პროექტი. ახლა
მიმდინარეობს შეფასება. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო
გარანტია", - აცხადებენ მგფ-ში.
რაც შეეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც ქალაქში
საცურაო აუზი უნდა აშენდეს, მგფ-მ მის მოსამზადებლად ტენდერი 2017
წელს გამოაცხადა. შერჩეულ კომპანიას შპს "კარკასს", ქუთაისთან
ერთად, საცურაო აუზები ფოთში, ახალციხესა და ზუგდიდში უნდა
დაეპროექტებია. მათი ჯამური ღირებულება 208 000 ლარი იყო.
კომპანიამ პროექტი ტენდერის მოგებიდან სამი წლის შემდეგ, 2020 წელს
დაამზადა, თუმცა, ახლა ირკვევა,
რომ მასში გაუმართავია სახანძრო - უსაფრთხოების
სისტემასთან დაკავშირებული საკითხი, რის გამოც კომპანიას საგანგებო
სიტუაციების სამსახურთან პროექტის შეთანხმება განმეორებით
დასჭირდა.
"შენიშვნები იყო საგანგებოდან და გასწორდა უკვე.
მალე გადაეგზავნება საბოლოო ვარიანტი ქუთაისის მერიის არქიტექტურის
სამსახურს", - გვითხრა პროექტის ავტორმა ლევან ჩხაიძემ.
პროექტის მიხედვით, ქუთაისის საცურაო აუზი ასეთი უნდა იყოს:
პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი მთავარი და ერთი შედარებით მცირე
ზომის საცურაო აუზი აშენდება. ასევე, გათვალისწინებულია 500
მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ტრენაჟორების დარბაზი, ღია კაფე და
მაღაზია. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდულ
შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. პროექტის განსახორციელებლად
"საბა კონსტრაქშენს" წელიწადნახევარი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები