სოფელ მოლეკურაში, ნამახვანჰესის სამშენებლო
ტერიტორიაზე მიწის მასივი ჩამოიშალა.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა
საავტომობილო გზა. სოფელში იმყოფებოდნენ მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" წარმომადგენლები, რომლებიც სამ თვეზე მეტია
ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.
მათი თქმით, დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ
ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია.
"ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური
ჰესის მშენებლობა. ბუნებამაც დაადასტურა ეს დღეს. სამწუხაროა,
რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს არ ესმით ეს
და ჯიუტად ცდილობენ გააგრძელონ ის ქმედებები, რასაც
ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ ქუჩაში და ვუპირისპირდებით მათ,
რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ვიცით რა საფრთხეებს
გულისხმობს რიონის ხეობის ეს კონკრეტული მონაკვეთი. მეტი რაღა უნდა
მოხდეს? ბუნება ამბობს თვითონ, რომ არ შეიძლება აქ ჰესების
მშენებლობა", - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ვარლამ
გოლეთიანი.
რიონის ხეობის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია
ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
7 თებერვალს ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციას მხარდაჭერა საქართველოს
სხვადასხვა კუთხიდან ასეულობით ადამიანმა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები