8 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი
ტრანსპორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.
კომენდანტის საათის გათვალისწინებით, სამუშაო საათები დილის 8
საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
უკვე ცნობილია, რომ 8 თებერვლიდან
მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს 40-ის ნაცვლად 50 თეთრის
გადახდა მოუწევთ. ტარიფის ზრდა უკვე დააანონსა შპს "ქუთაისის
სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელმა, გიორგი
გიორგობიანმა.
"რაც შეეხება ტარიფებს, სავარაუდოდ გაიზრდება 50
თეთრამდე, მაგრამ ეს არის საკრებულოს პრეროგატივა და მათ
უნდა იმსჯელონ ამაზე", - განაცხადა გიორგობიანმა.
ახალი ავტობუსები ქალაქში ორ დღეში შემოვა,
თუმცა, სვლაგეზების ახალი გეგმა, რომელზეც მერია საუბრობდა, ამ
დრომდე არ არსებობს. გეგმის არარსებობის გამო, ავტობუსები ჯერჯერობით,
ისევ ძველი სვლაგეზებით იმოძრავებენ, იდეებს კი სატრანსპორტო
კომპანიაში მოქალაქეებისგან ელოდებიან.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის"
ხელმძღვანელი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში
მოსახლეობასთან შეხვედრები და ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე
მიმდინარეობს.
"ორშაბათიდან ქალაქს ვემსახურებით 36 ახალი
ავტობუსით. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვტოვებთ არსებულ ძველ ხაზებს.
თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იყო შეხვედრები და ველოდებით ხალხის
მოთხოვნას თუ რა ცვლილებები უნდათ გაჩერებებთან და სვლაგეზებთან
დაკავშირებით. როგორც კი შემოვა საინტერესო იდეები, აუცილებლად
გავითვალისწინებთ", - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
8 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში
სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და აკრძალული იქნება ფეხზე დგომა.
სატრანსპორტო საშუალებაში რეგულაციების დაცვას მონიტორინგის სამსახური
უზრუნველყოფს.
კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ტრანსპორტი
დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისს 36
ავტობუსი გადასცა. აქედან, 30 ავტობუსი გათვლილია 50 მგზავრზე, ხოლო 6
სატრანსპორტო საშუალება იტევს 83 მგზავრს. ყველა სატრანსპორტო
საშუალება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისთვის.
პროგრამის ფარგლებში ქუთაისმა სულ 60 ავტობუსი უნდა მიიღოს. დარჩენილი
24 ავტობუსი ქალაქში დღის ბოლომდე ჩამოვა.
ახალი ავტობუსები ყველაზე დატვირთულ საავტობუსო ხაზებს
ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები