დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული
შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შემსუბუქება უნდა მოხდეს
ეპიდსიტუაციის კონტროლის ფონზე. ამირან გამყრელიძის თქმით, იმ
შეზღუდვებს შორის, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ყველაზე პრიორიტეტული
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაა.
"ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა იმაზე, თუ სად უფრო მაღალი რისკია
ვირუსის გავრცელების. მოსახლეობას ყველაზე მძიმედ გადააქვს ის,
რომ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამიტომ, ერთ-ერთ
ყველაზე მთავარ პრიორიტეტად ეს საკითხი დგას. თუ
ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც უკვე
მიღწეულია, რაც უკვე გავაკეთეთ ბათუმში, რომ ამუშავდა საზოგადოებრივი
ტრანსპორტი, ეს უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც", -
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე ისაუბრა დახურულ რესტორნებსა და
საგანმანათლებლო სივრცეებზე და განაცხადა, რომ ტრანსპორტის შემდეგ
პრიორიტეტულია სკოლების გახსნა. რაც შეეხება რესტორნებს, ისევე,
როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც შემსუბუქება ეტაპობრივად უნდა
მოხდეს.
პირველი თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვები
ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა, სამ ქალაქში - ქუთაისში, თბილისსა
და რუსთავში კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაკეტილია
საგანმანათლებლო სივრცეები, დახურულია რესტორნები და გასართობი
სივრცეები, 21 საათიდან 05 საათამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
მოქმედებს კომენდანტის საათი.
მასალის გამოყენების პირობები