წყალტუბოს მერია 30 იანვარს რიონის ხეობაში განვითარებულ
მოვლენებს ეხმაურება და ადასტურებს, რომ ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ
აღმართული ჯვრის დემონტაჟი მუნიციპალიტეტმა მშენებელი კომპანიის
მოთხოვნით მოახდინა.
მერია ჯვრის მოხნას ხეობაში ქსენოფობიური და
ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მოტივით ხსნის და იქვე
განმარტავს, რომ ასეთი რამ უსაფუძვლოა, თუმცა, თუ მსგავსი საფუძველი
არ არსებობდა, გაუგებარია რისი პრევენცია მოახდინა მერიამ
აქტივისტების მიერ აღმართული ჯვრის დემონტაჟით.
"30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან
გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების
გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე,
სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა. წყალტუბოს
მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი
ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ
ფარგლებს", - ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სოფელ ნამოხვანში ატქივისტების მიერ აღმართული ჯვარი,
სამართალდამცველებმა გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხსნეს.
ჯვარი ახლა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარშია გადატანილი. ჯვრის დემონტაჟს
წინ უძღოდა ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.
30 იანვარს, სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში, სადაც აქტვისტები
ნამახვანჰესის მშენებლობას სამი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ,
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილობრივებს პოლიციამ ჯერ კარავის დაშლა მოსთხოვა, შემდეგ კი
ჯვრისკენ მისასვლელი გზა ჩაუკეტა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა ძალის
გამოყენებით კარავიც დაშალეს და ჯვარიც მოხსნეს. კომპანია "ენკამ" კი
სამთვიანი პაუზის შემდეგ, პოლიციის დახმარებით, ტერიტორიაზე ტექნიკა
შეიყვანა და ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა.
მომხდარის მიუხედავად, რიონის ხეობის მცხოვრებლები პროტესტის
შეწყვეტას არ აპირებენ და 7 თებერვალს ფართომასშტაბიანი აქციისთვის
ემზადებიან.
რიონის ხეობაში ადგილობრივები სამი თვეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ. ისინი ხეობაში გიგანტური, 433 მეგავატიანი ნამახვანჰესის
მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესის
პროექტი საფრთხისშემცველია მიკროკლიმატისთვის, გაქრება ყურძნის
უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები,
სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების
შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს
არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები