ახალი ამბები
„ჩემი მეუღლე სატელეფონო ზარის გამო დასაჯეს“ - მსჯავრდებულის ოჯახი
FaceBook
მსჯავრდებულ ზ.ყ.- ს ოჯახი #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი ციხის ადმინისტრაციამ ერთი სატელეფონო ზარის გამო დასაჯა და ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანა. ნესტან ბერიძის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ მისმა მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ #15 დაწესებულებაში 150-მდე ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა. მეორე დღეს კი ამავე საპატიმროს სხვა მსჯავრდებულისგან შეიტყო, რომ ზ.ყ. უფრო მკაცრი რეჟიმის ციხეში, #8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების გამო დასაჯეს.

"ოთხი დღის წინ დამირეკა და მითხრა აქ 150-მდე კაცს აქვს კორონაო. უდოს საკითხი  უნდა გაერკვია და ამნისტიასაც ელოდებოდა პარალელურად. ამის შემდეგ, იმავე ციხიდან მირეკავს სხვა პატიმარი და მეუბნება ზ.ყ. გლდანში გადაიყვანეს, მოდი,  მისი ნივთები წაიღეო. როცა ვკითხე რა მოხდათქვა, მითხრა ერთი ზარის გამო დასაჯესო. სხვას რას უნდა ნიშნავდეს ეს, თუ არა იმას, რომ ჩემთან საუბრის გამო მოექცნენ ასე. ახლა აღარც უდო შეეხება და აღარც ამნისტია", - ამბობს ნესტან ბერიძე.

მისივე თქმით, მომხდარს წინ, ასევე უძღოდა  პენიტენციური სამსახურის ეზოში გამართული აქცია, სადაც სხვა პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, ისიც იმყოფებოდა. აქციის შემდეგ მას მეუღლემ დაურეკა და გააფრთხილა, რომ მსგავს აქციაში მონაწილეობა აღარ  მიეღო, რაც ნესტან ბერიძის თქმით, ასევე ციხის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგი იყო.

ოჯახი პასუხს ითხოვს პენიტენციური სამსახურისგანაც, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი ოჯახის წევრის ნახევრად ღიადან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა.

ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით აქცია ქუთაისშიც გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები მოითხოვენ კანონპროექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. 

მოძრაობა "შემახე ამნისტიას" წარმომადგენელი, ადვოკატი ნათია ჩხეტიანი ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პატიმრები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. მას, როგორც ადვოკატს, როცა პატიმრები ესაუბრებიან, შეკითხვაზე თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს, პასუხობენ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, რაც ადვოკატისთვის არადამაჯერებელია და მიუთითებს ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევების არსებობაზე.

"როდესაც პატიმარი გპასუხობს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მათი სიტყვებით, რომ ვთქვათ "ხუთიანზეა", შეიძლება ეს დამაჯერებელი იყოს? თითქმის ყველა პატიმარს აქვს ერთი და იგივე ტექსტი. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც პატიმრობაშია, იდეალურად გრძნობდეს თავს? რა თქმა უნდა ეს არის  ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იგივე პრობლემასთან გვაქვს საქმე. მსჯავრდებულმა დაურეკა მეუღლეს და უთხრა  პატიმრებს კორონავირუსი აქვთო, მეორე დღეს კი დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სხვა რა უნდა იყოს ეს თუ არა დასჯა", - ამბობს ნათია ჩხეტიანი.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომხდარზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.